ქაფურა და შავი არყი - გულის გადახსნის ჯადოქრული შერბეთი

 ეს იყო უმძიმესი თვე.  

 როგორც არ უნდა ვცდილობდეთ არ მივუშვათ ახლოს ცუდი მოვლენები ,რომლებიც საკმარისზე მეტად  ტრიალებენ ჩვენს ირგვლივ , ისინი მაინც ილექებიან არა მარტო ჩვენს ცნობიერებაში, არამედ ჩვენს სხეულშიც და სულშიც. ჩვეულებრივი ახალი ამბები, სადაც რომელიმე წამყვანი დალაგებული ხმით ჰყვება გახშირებულ ტრაგედიაზე შეიძლება იქცეს ტკივილად თითებში, ხოლო გაგონილი ამბავი სოფელზე სადაც ადამიანებს არ აქვთ სასმელი წყალი , შეიძლება გამოიწვიოს ენის არაჯანსაღი სიმშრალე , რომელიც გაჰყვება ადამიანს არა ერთი კვირა. 

მე მაქვს განცდა , რომ ჩვეულებრივ ადამიენებმა ჩათვალეს თითქოს და უარყოფითი ენერგიის , ცუდი ამბების და მოლოდინების ერთმანეთზე შეხოცება არის  მათი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი. მე ვგრძნობ , რომ ადამიანები ერიდებიან დადებით განწყობას , ჩვენი ცნობილი "რა დროს ეგ არის" სიბრტყეში. ამასობაში , სტრესი , რომელიც რეალურად ვირუსივით დაფრინავს ჰაერში და სტრესი , რომელსაც ჩვენ გვახვევენ ამ სამყაროს თვითმარქვია ძლიერნი ილექება უკვე არა მარტო ჩვენს ცნობიერში , არამედ ჩვენს სხეულებშიც. ყოველივე ჩვენთაგანი ატარებს სხეულით ჯავშანს , რომელიც ზღუდავს ჩვენს მოძრაობას დაწყებული  ჩვეულებრივი გასეირნებიდან  და დამთავრებული აუცილებელ , ჯანსაღ და თავისუფალ გაზმორვამდე. 

მეც მეკუმშება  გული ჯგუფურ ტრაგედიებზე , მიბუჟდება თითები  ახალგაზრდების ერთმანეთის სიკვდილისთვის გამეტებაზე , მე მერევა გული პოლიტიკოსებზე , რომლებიც ისქელებენ ჯიბეს იარაღის და წამლების ვაჭრობით , ადამიანებზე , რომლებიც იყენებენ რთულ პოლიტიკურ და სხვა ნებისმიერ რთულ ფონს და ნებისმიერ კრიტიკას საკუთარი რეკლამისთვის . მეც მიბუჟდება ტერფები ,როცა ვინმე ცდილობს მომახვიოს აზრი , რომ ვკარგავ სამშობლოს  და ირგვლივ თითქმის ყველა მოღარატეა. მეც ვგრძნობ კეფაში სიმძიმეს , როცა ადამიანები ღირებულებების გარეშე მკარნახობენ  იმას თუ რომელი ღირებულებებით უნდა ვიცხოვრო ჩემი და მხოლოდ ჩემი ცხოვრება.   ნებით თუ უნებლიედ ჩვენ ჩაგვათრიეს მენტალურ ომში საკმაოდ დიდი ხნის წინ და ამავდროულად წინასწარ დაგვარწმუნეს , რომ ეს ომი წაგებულია , ხოლო ჩვენ წინასწარ განწირულები ვართ სირცხვილისთვის , ტყვეობისთვის , სამარცხვინო არსებობისთვის. როცა ჩვენ ეს არ მივიღეთ მოიყვანეს ომები სიცხადეში. 

ცუდი განწყობა , შიში , სტრესი , აგრესია , უიმედობა , ბოღმა  - იქცნენ კარგ ტონად. ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმაზე , რომ , შესაძლოა, ჩვენი გაზვიადებული სურვილი დაუფარავად შევახოცოთ ერთმანეთს ჩვენი სტრესები ილექებიან კოლექტიურ ცნობიერში და იჩენენ თავს ახალგაზრდა თაობის სისასტიკეში , არადაღვინებულ ემოციებში გრძნობების ნაცვლად , მხეცობაში , დაუდევრობაში ერთმანეთის მიმართ. ამ კოლექტიურ  , კარგ ტონად ქცეულ სისასტიკეში ჩვენ სათითაოდ ვუკრძალავთ საკუთარ თავს გულის გადახსნას ,  სილამაზით თრობას , გახსნილ გაღიმებას , ჯანსაღ გაზმორვას , სიცილს ,რომელიც , სხვათაშორის , ანთავისუფლებს ხერხემალს და კუნთებს დაბლოკილი ენერგიისგან. 

ამასობაში , სამყაროს აქვს ჩვენთვის  შემონახული უამრავი საშუალება სულიერი ჯანმრთელობისთვის. ზოგადად , მცენარეული სამკურნალო საშუალებები მუშაობენ ოდნავ განსხვავებულად , ვიდრე ამას წარმოიდგენს  ადამიანი. "სამკურნალო" მცენარე  არ ებრძვის დაავადებებს. ის ცდილობს გაახსენოს და დაანახოს ადამიანის ორგანიზმს მისივე ძალა და უნარები. ის ხსნის და შლის ჩვენივე პოტენციალს , ის ახსენებს ჩვენს ორგანიზმს ,რომ ის არის სრულყოფილი სამყაროს განუყრელი ნაწილი.  ამ გადასახედიდან მინდა მოგიყვეთ მცენარეზე , რომელიც მოგიხსნით კუნთოვან ჯავშანს , გადახსნის გულებს , დაგეხმარებათ  საკუთარი გულის ცემის  აწყობას სამყაროს და , შესაბამისად, სხვა ადამიანების რითმზე , მოგცემთ  საშუალებას გაანთავისუფლოთ საკუთარი ძვლები კოლექტიური , მოხვეული სტრესისგან და ბავშურად გაიზმოროთ  დილით პირველი მზის სხივების დანახვაზე.  ქაფურა მოგცემთ იმ ხარისხის თავისუფლებას , რომელიც ეხმარება ადამიანს მიიტანოს სინათლე ყველგან , სადაც სამყარო ხელოვნურად გამუქებულია. ის გაგანთავისუფლებთ მცდარი ნეგატიური განცდებისგან და დაიწყებს ამ განთავისუფლებას თქვენი ფიზიკური სხეულისგან , რომელსაც ნებით თუ უნებლიერდ ჩვენ ვტვირთავთ შიშით , აგრესიით , უიმედობით და სასოწარკვეთით.   ქაფურასთან ერთად შავი არყის ფოთოლი იმუშავებს , როგორც კონდიციონერი. ის გაწოვს და გამოიტანს  ჩახუთულ ჰაერს თქვენი ორგანიზმიდან და მის ნაცვლად აგავსებთ სუფთა სიგრილით.


ომალოს ქაფურა


რეცეპტი :

   ნუ იმარაგებთ დიდი რაოდენობით სამკურნალო მცენარეს. აიღეთ მხოლოდ ის რაც გჭირდებათ , რადგან წინასწარ "წამლის" მომარაგებას სამყარო აღიქვავს ჩვენგან  ,როგორც ავადობის მზაობას. როცა გაცნობიერებული მემცენარე იღებს სამკურნალო მცენარეების დიდ მარაგს , ის იქმნის სპეციფიურ განწყობას , რათა შემდგომ არ დაემართოს უველა ის დაავადება , რომლის "წამალი" მოიმარაგა. არასოდეს არ დაკრიფოთ სამკურნალო  მცენარე "ყოველი შემთხვევისთვის" , რადგან თუ თქვენ არ იცით ამის კეთება , ის "შემთხვევა" აუცილებლად შეგახსენებთ თავს . ამიტომ 

მოიმარაგეთ  ორი მუჭა ქაფურას ყვავილი ნებისმიერ ქართულ მთაზე. იქვე დიდი ალბათობით  შეგხვდებათ ჩვენი შავი არყი . მოჭერით კოხტად რამოდენიმე ახალგაზრდა თხელი ტოტი თავისი ფოთლით. თუ არ შეგხვდებათ არყი , შეგიძლიათ შეცვალოთ ველური თხილით ან თხმელას ფოთლით.  კარგი იქნება თუ წყალსაც წამოიღებთ ახლომდებარე წყაროდან. გადით ამ ძვირფასეულობის მოსაგროვებლად დილით. 

 დაჭეჭყეთ ხელის გულებით ქაფურას ყვავილი და არყის ფოთოლი. არყის ტოტები ოდნავ დაჭყლიტეთ ისე , როგორც ჭყლიტავთ ხოლმე ენდროს. მცენარეები არ გარეცხოთ, ხოლო ქილა აუცილებლად გამორეცხეთ სოდიანი ან ძმრიანი წყლით და გააშრეთ მზეზე. მოათავსეთ ქილაში თქვენს მიერ მოპოვებული მცენარეული ძვირფასეულობა , ოდნავ დაპრესეთ , მოხუფეთ  და გაიტანეთ მზეზე 3-4 საათით. შემდეგ შემოიტანეთ და დადეთ ქილა სიგრილეში. 

მეორე დილით , აუცილებლად გამთენიისას  კიდევ ერთხელ ოდნავ გასრისეთ თითებით მცენარეები ქილაში , დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი , გაავსეთ ქილა ცივი წყაროს წყლით , მაგრამ არ გაავსოთ პირამდე . მოუკარით თავზე დოლბანდი ან მიტკალი და დადეთ ისეთ ადგილას , სადაც  ქილას გაანათებს განთიადის სხივი , ანუ , აღმოსავლეთის მხარეს. 

საღამოს , მზის ჩასვლისას ოდნავ მოურიეთ შერბეთს და შემდეგი სამი დღე მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს , დღეში ორჯერ მოურიეთ ქილაში შერბეთს რათა ზედაპირზე ამოსული ქაფურას ყვავილი დაილექოს , ხოლო ჟანგბადის ბუშტუკები ამოვიდეს ზემოდ. 

თუ მეორე- მესამე დღეს არ შენიშნავთ მსუბუქ დუღილს , დაამატეთ რამოდენიმე წვეთი თაფლი.  სამი დღის შემდეგ გაწურეთ თქვენი შებეთი და ჩაასხით ნახევარ ლიტრიან  ბოლებში ხრახნიანი თავსახურით. ახლა შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში , ან ნებისმიერ ცივ ადგილას და მიირთვათ ერთი ჭიქა . როდის??? რა თქმა უნდა , განთიადზე.🌞

2020 წლის ქაფურას შერბეთი



 ზუსტად ვიცი, რომ მოგეწონებათ ამ შერბეთის გემო და სხეულში განახლების პროცესების შეგრძნება. ზუსტად ვიცი - მოგინდებათ გამეორება და აუცილებლად გაიმეორეთ , მაგრამ შევთანხმდეთ , რომ მიიღებთ ქაფურას შერბეთს არაუმეტეს 14 დღისა. შევთანხმდეთ იმაზეც , რომ არ გამოიყენებთ ამ რეცეპტს კომერციული მიზნებისთვის და არ მისცემთ ბავშვებს 12 წლამდე. შევთანხმდეთ , რომ არ დალევთ მას თუ კი გაქვთ კუჭის მაღალი მჟავიანობა. 

  მე კი ვისურვებდი ,რომ გადავხსნათ ერთმანეთისთვის გულები . ვიყოთ  ძლიერები ნეგატივის და მოხვეული სტრესების წინაშე და აბსოლუტურად უსუსურები და მოწყვლადები ამ მშვენიერი სამყაროს პირისპირ. მთავარია , მაინც , გულის გადახსნის მზაობა. ქაფურას შერბეთი დაგეხმარებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენში ეს მზაობა არის . 
არ დაგავიწყდეთ  რეცეპტში მითითებული განთიადი .

Comments