პირად მითოლოგიაზე და ამბების სწორ მოყოლაზე . სარეველას უდრეკი სული

 როგორია თქვენი პირადი მითოლიგია?! რა ამბავი ჩქეფს თქვენს სისხლში  და ავსებს თქვენს არსებობას? რომელი ისტორიები დაბინავდნენ  და იმალებიან თქვენს გულში?

ადამიანი არის  იმდენად ჯანმრთელი და თვითკმარი, რამდენად ჯანსაღი არის ამბავი რომელსაც ის უყვება საკუთარ თავს. სრულ, ყურისმომჭრელ, ყრუ  სიჩუმეშიც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი თხზულებებით. ამავდროულად ავადმყოფ მთხრობელს შეუძლია დააავადოს მთელი ერი.    

 მე ხშირად ვფიქრობ იმ თხზულებებზე და მითოლოგიაზე , რომლებიც  დღეს ჩვენს სამყაროს ავსებენ. ამბები იმაზე ,თუ როგორ ვანადგურებთ დედამიწას , ამბები სისასტიკეზე და მიუღებლობაზე ერთმანეთის მიმართ, ამბები ცინიკურ ომებზე და უფრო ცინიკურ მშვოდობის ფასზე, პოპულისტ გმირებზე, მერკანტილურ შეყვარებულებზე - ამბები, რომლებიც გვაყენებენ ტკივილს. ან, უფრო სწორად, ამბების მოყოლის მანერა, რომელიც გვაყენებს  ტკივილს. მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს  ამბები უმნიშვნელო სიცრუეა . დიახ , ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ეკოსისტემას, გავემიჯნოთ ძალადობას და ომებს , მაგრამ დიდი ალბათობით ეს მოხდება მაშინ, როცა ამბები, რომელსაც გვიყვებიან და ამასთან ერთად ჩვენი ისტორიებიც არ გვაიძულებენ ვიგრძნოთ თავი მარტოხელა, მუდამ ცოდვილ და დამნაშავე, ხშირ შემთცვევაში უსუსურ არსებებად. ამბები, რომლებსაც ჩვენ ვუყვებით ერთმანეთს კლავენ იმედს და გვაიძულებენ გავერიდოთ საკუთარ ღირებულებებს, დავდგეთ განზე , ვიცხოვროთ ილუზიებში და ჰალუცინაციებში იმის ნაცვლად, რომ დავუთმოთ ჩვენი დრო და ენერგია იმას , რაც უნდა გამოვასწოროთ, შევიყვაროთ, შევქმნათ. ასე , არასწორედ მოყოლილი ამბებიდან  იბადება გულგრილობა, ჩაკეტილობა  და სასოწარქვეთა. რომ შექმნა რამე ღირებული , იმისათვის რომ რამე გამოასწორო საჭიროა სიყვარული და არა  მისი სტანდარტი. არ შეიძლება ერთმანეთის მიმღებლობა იყოს გაწერილი სტანდარტი, არ შეიძლება აკეთებდე კარგად საქმეს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს  დეკლარირებული და დამტკიცებული სტანდარტი. როცა შენ ჰყვარობ ადამიანს როგორც ასეთს, არ არის საჭირო დამატებით და პროტოკოლისთვის შეიყვარო ის ვინც შენგან განსხვავდება. როცა შემ გაიძულებენ შეიყვარო შენგან  განხსვავებული და ამისათვის ქმნიან  კანონებს, კონვენციებს და სტანდარტებს , ადრე თუ გვიან ეს დამთავრდება ძალზე ტრაგიკულად. 

  ასევე მაქვს განცდა, რომ დღევანდელ უფროსებს აღარ შეუძლიათ ბავშვებისთვის ისეთი ამბების მოყოლა, სადაც ბავშვი მოსმენისას შეიგრძნობდა  უღრანი ტყის სუფთა ჰაერს , მზიანი დღის სურნელს ,  საფრთხეს  რომელიც იმალება ღამით ყოველ ბნელ კუთხეში, ზღვის მლაშე  ნიავს , ჯადოსნურ უცხო ქვეყნებს . ბავშვებს აღარ ესმით როგორ დამარცხდა ბოროტება, როგორ იქცა ადამიანად მოჯადოვებული,  იმიტომ რომ დიდებსაც დღეს  გვესმის  სულ სხვანაირად მოყოლილი ამბები. სევდიანი ამბებიც საჭიროებენ სწორ მოყოლის .გაიხსებეთ თუნდაც ანდერსენის ზღაპრები. გაიხსენეთ აზრით სავსე ჰარი პოტერის რომანების ციკლი

 რამოდენიმე წლის წინ , საქართველოში ახალგაზრდა ბიჭმა , პოეტმა გადაარჩინა პატარა გოგო , როცა ის გადადიოდა  მანქანების სავალ ნაწილზე. სრულიად უცნობ გმირმა შესწირა საკუთარი სიცოცხლე და გადაარჩინა პატარა გოგო. ეს ტრაგიკული ამბავია , მაგრამ კარგი ისტორიაა, რომელიც გვიყვება იმაზე , რომ არსებობენ გმირები ,რომლებიხ  იცავენ პატარებს ნებისმიერ ფასად. ასეთი ისტორიებს უნდა ვუყვებოდეთ ბავშვებს წლიდან წლამდე და ისინი ამ ტრაგედიაში დაინახავენ და  გაიგებენ უმარავ კარგ და მნიშვნელოვან რამეს. გაიგებენ , რომ მარტოები არ არიან და ყოველთვის გამოჩნდება ვინმე , ვისაც სიკვდილამდე მოუნდება მათი გადარჩენა . გაიგებენ იმასაც , რომ  სიფრთხილე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ გადაარჩენს სხვას . ეს ბოლო თემა მუსირებდა პანდემიის დროს, მაგრამ აბსოლუტურად არასწორედ მოყოლილი  ის იყო  მოყოლილი ისე, რომ საფრთხეში მყოფ ადამიანს დამატებით ურთულებდა ჯანმრთელობის მდგომარეობას  დანაშაულის გრძნობით. . და , დიახ , ჩვენ ვერ ვხედავთ წლიდან წლამდე  სიუჟეტებს ახალგაზრდა გმირ პოეტზე , მაგრამ ჯიუტად ვუყვებით ერთმანეთს აგრესიულ მღვდელზე რომელიც მისდევდა ჯორკოთი დასპონსორებულ უფლებათა დამცველებს . ასეთია ჩვენი საერთო ისტორიები : აგრესიით  და სიყალბით სავსე. ბავშვები კი საოცრად გრძნობენ სიყალბეს. ზოგადად , ადამიანები საოცრად ვგრძნობთ სიყალბეს. სიყალბე გადამდებია. 

   სიტყვა , სწორედ მოყოლილი ამბავი შეიძლება იქცეს ძლიერ წამლად. მე ასეთი წამალი თავად გამოვცადე , როცა დავამარცხე სიმსივნე. ჩემმა ექიმმა დროულად და სწორედ , გულრწფელად და შეულამაზებლად მომიყვა თავისი მამიდის ამბავი , რომელსაც ჰქონდა ჩემი დიაგნოზი . ქალზე , რომელიც აცნობიერებდა თავის მდგომარეობას. ქალზე , რომელსაც ექიმმა კითხვაზე  "რამდენი დამრჩა" ანახა სამი თითი. ქალზე ,რომელსაც დიაგნოზმა 45 წლის ანაკში აიძულა დაეწყო მოგზაურობა , ესწავლა მანქანის ტარება და უცხო ენა  ,  ბიზნესი . ქალი , რომელიც ძალიან მგავდა სარკასტული საუბრის მანერით ,  რომელიც სავსე და საინტერწსო ცხოვრების შემდეგ  გარდაიცვალა 84 წლის ასაკში სიტყვებით:  " ჩემი საფლავის ღობე  აქამდე 10 ჯერ უნდა  ყოფლილიყო შეღებილი" . ამაზე კარგ ამბავს ჩემი გონება ვერ მოისმენდა. 

დიახ , სიტყვა და სწორედ მოყოლილი ამბავი შეიძლება იქცეს ძლიერ წამლად . მათ შეუძლიათ შეეხონ ჩვენს სულებს და გვანახონ განკურნების  და ტრანსფორმაციის გზა. ყოველივე ჩვენთაგანის არსებობა , ჩვენი ცხოვრება - არის ამბავი , რომელსაც ჩვენ ვწერთ ყოველდღიურად. პირადი მითოლოგია , ლამაზი ხატოვანი ზღაპარი , სადაც ცოცხალ გმირებთან ერთად გაცოცხლებულია ცა , ტყე , მზე , მდელო. სადაც მოყოლილია სურნელზე და ფერებზე , მოყოლილია კანით ჰაერის შეგრძნებაზე , გემოზე , სეირნობისგან დაღლილ ფეხებზე  . ასეთ მითებზე იზრდებოდნენ ერები და სახელმწიფოები . თუ ერთხელ მაინც შენი გული მიიღებს კარგად მოყოლილ  ამბავს ტყიდან გამოსულ ოჩოპინტრეზე , შენ  ყოველთვის მარტივად  მიიღებ განსხვავებული კანის ფერის ან სექსუალური ორიენტაციის  ადამიანს . და როლი , რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ საკუთარ თავს ჩვენს მიერ მოყოლილ ამბებში , განაპირობებს და თვისობრივად ცვლის ჩვენს არსებობას. ჩვენ შეგვიზლია ავყვეთ ცუდად მოყოლილ ამბავს სადაც სამყარო არამეგობრულია , ხოლო  მთავარი გმირი მარტოხელა :" ჩემი არავის არ ესმის"  . ან ავყვეთ კარგად მოყოლილ ამბებს , სადაც მთავარი გმირი უნიკალურია და  დაჯილდოვებულია უამრავ ,სხვასთან გასაზიარებელ ყველასათვის სასარგებლო მადლით.  

ჩემი მითოლოგია , ჩემი პირადი ამბავი ,რომელსაც ვისმენ და შემდეგ ვუყვები სხვას  - ჩემზე მაღალი ბალახია. ასე მოხდა , რომ ადამიანმა ,რომელმაც დაკარგა მოთმინება და არ მოისურვა  მცირ დეტალებში სამყაროს აღქმა  შერაცხა ბალახი სარეველად. ასე მოყოლილ ამბავმა განაპირობა გონებაში დამახინჯებული  კოგნიტიური გამოძახილის აბსოლუტური დაბატონება, სადაც (თურმე) ბალახი გართმევს და გებრძვის , მალავს მხოლოდ შენი დაგესვლისთვის დაბადებულ გველს  და მწერს და ზოგადად არსებობს იმისათვის ,რომ შეგიქმნას საფრთხე .  ამასობაში , ჩემი მიტოლოგია მაიგივებს სარეველასთან . მღელი ჩემი ამბავი მაღალი ბალახია. 

ტროტუარებზე არასრულყოფილი ბზარებიდან და ნაპრალებიდან , დატკეპნილ , მძიმე მიწიდან , ბეტონიდან და მიტოვებულ  შენობებზე ის ამაყად ამოდის პირველი ,რათა ამცნოს ყველას , რომ სიცოცხლე გარდაუვალია. სარეველა იყო ჩვენი წინაპრების პირველი ცოცხალი  საკვები მძიმე ცივი ზამთრის შემდეგ. გულადები და მამაცები , ისინი ჩნდებიან იქ , სადაც მათი გამოჩენის არავის უხარია. ისინი მოგზაურობენ მთელი პლანეტის მასშტაბით ავტოსტოპით : ხან დაემგზავრებიან ადამიანს , ხან ცხოველს ,ხან ქარს , ხან წყალს. სიცოცხლისუნარიანობა და მორგება ყველაზე რთულ პირობებზე . ამიტომ მათი ნახვა შეიძლება ყველგან : დაბინძურებულ გარემოში , დავიწყებული და მოშლისი გზის პირას ,  ტყის ბოლოს , უძველეს ნასახლარზე და ყოველ ჯერზე ნათლად ჩანს ვის დაემგზავრნენ ისინი . თუ სადმე ტყის სიღრმეში შემთხვევით შემხვდება მრავალძარღვას ხალიჩა , ეს მხოლოდ იმას ნიშნავს ,რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდა ადამიანი , იდგა სახლი , ეზო , შესაძლოა  პირუტყვიც . და მერე რა რომ მიწამ ჩაყლაპა ყოველივე , მრავალძარღვა მოყვება წაშლილ და დავიწყებულ ამბავს .   რასაც არ უნდა აკეთებდნენ სარეველები , მაშინაც ,როცა გვაღიზიანებენ ჩვენს ლამაზ ბაღებში , მათი ამბავი არის ერთ მნიშვნელოვან და შეუცვლელ მისიაზე - ისინი ალაგებენ ჩვენს მერე , მუშაობენ ჩვენს შეცდომებზე   და ცდილობენ გაისტუმრონ ის ვალი , რომელიც დაგვიგროვდა სამყაროს წინაშე. სარეველები იცავენ იმთავრეს წესრიგს . ყოველი სარეველა კვებავს ნიადაგში მცხოვრებ მილიარდობით მიკროორგანიზმს შაქრებით და სახამებლებით ,რომელსაც მათ უწილადებს მზე და ციკლის ბოლოს კვფება რათა შესძინოს ნაყოფიერებას მარადისობა . სარეველას სიკვდილის გარეშე არ იქნება ნაყოფიერება. და მერე რა რომ ვინმეს არ მოსწონს მისი არსებობა. 



ან მავნე  ჭანგა ,  რომელიც გიშლით და გიგრძალავთ გადაღლილი ნიადაგის მოხვნას და მოხმარებას. გავა ორი, სამი ოთხი წელი და როცა ნიადაგი შეისვენებს  ადამიანისგან და აივსება სიცოცხლით , ჭანგა მშვიდად წავა დამშვიდობების გარეშე.

   ჭინჭარი და შავბალახა. ერთის მხრივ ორი უძლიერესი სამკურნალო მცენარე , მეორეს მხრივ რუდერატები , ანუ მცენარეები , რომლებიც ჩვენს მერე ალაგებენ ნაგავს , იზრდებიან ნაგავზე და ასუფთავებენ ნიადაგს მძიმე ლითონებისგან .

  ბაბუაწვერა , რომელიც ძალზე სწრაფად ანოყიერებს ნიადაგს და ამისათვის მზად არის რამოდენიმეჯერ მოკვდეს ერთი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ბაბუაწვერა , რომელიც თავისი ყვითელი ყვავილით პირველი ამცნობს ფუტკრებს გაზაფხულის მოსვლას. 

 ან და ჟინჟრუკი , რომელიც უყოფს სხვა მცენარეებს ტენს ყველაზე გვალვიანი გაზაფხულის პირობებში .

 ჩვენ ასევე ვებრძვით აბზინდას , იმიტომ რომ მოვუყევით ერთმანეთს ისტორია მის ალერგიულ კოეფიციენტზე. ამასობაში აბზინდა არის აბსოლუტურად მედიტატიური მცენარე , რომელიც ზედმიწევნით ასუფთავებს ადამიანის გონებას ზედმეტი , არასწორედ აღქმული ამბებისგან . ერთი პატარა კონა დაკიდებული საწოლის თავზე აძლიერებს სიზმრებს და სიზმრების მეშვეობით გამოყავს ადამიანის ქვეცნობიერიდან დამახინჯებული მითები. ზოგისთვის ლამაზი ფერადი ძლიერი სიზმრების მეშვეობით , ზოგისთვის არანაკლებად ძლიერი კოშმარებით და მაჯლაჯუნების აწვით. აბზინდა აძლიერებს სიზმრებს. აბზინდას გამოჰყავს მენტალური ნაგავი. აბზინდას წვავდნენ ,რათა მის ყვამლს გაედევნა ავი სულები მთელი სოფლიდან. აბზინდა გრძეულების მცენარეა. 

აბზინდას კვამლი სწორედ ყვება ამბებს. დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ კონებში შეხვეული სალბი დაკვამლისთვის  ინტერნეტ მაღაზიებში , რომლებიც თვლიან რომ ჰყიდიან რაიმე საკრალურს. არავის არასდროს არ დაუწვია დაკვამლისთვის სალბი. ეს ძველი ტრადიცია მოდის ახალი სამყაროს , ამერიკული კონტინენტის კულტურიდან. ოღონდ საუბარია sagebrush -ზე , ანუ არა  სალბის კონაზე  რომელიც ჟღერს როგორც sage brush , არამედ  აბზიბდაზე -sagebrush.  

  რა თქმა უნდა მოცეკვავე კვამლი არის ძალიან ლამაზი და ჯადოსნური მითი . სწორედ მოყოლილი ამბავი კი ის არის , რომ ასე ლამაზად და ხატოვნად იკვამლება  მხოლოდ აბზინდა. ძველ დროში ხალხს სჯეროდა , რომ დაავადებებს ავრცელებენ ავი სულები  , ამიტომ როცა ოჯახში ან სოფელში ჩნდებოდა გადამდები დაავადება , ხოლო აბზინდას კვამლი წმენდდა სივრცეს პათოგენი მიკროორგანიზმებისგან თავისი უნიკალური  ფიტონციდებით და ფენოლებით , ადამიანები მიუწერდნენ აბზინდას ზე მაგიურ თვისებებს . ეს არის სწორედ მოყოლილი მითოლოგია.    ეს კვამლი არაკომფორტულია ბუზებისთვის და კოღოებისთვის რომლებსაც ასევე გადააქვთ  ჩვენთვის არასასურველი მიკროორგანიზმები.  კვამლი საოცრად ლამაზი მითია. გაიხსენეთ სხვადასხვა რელიგიური რიტუალი , სადაც იყენებენ კვამლს. იგივე საკმეველი მზადდება მირტის ფისისგან. მირტი ასევე არის უძლიერესი ანტიბაქტერიული მცენარე. მის ერთ პატარა ფოთოლს შეუძლია მოხსნას უძლიერესი კბილის ტკივილი, ანუ განდევნოს დემონები ,რომლებიც აწვალებენ ადამიანს. 



შამანიზმი და ბიოლოგია მოდიან გვერდიგვერდ საუკუნეების განმავლობაში. ყველა ნამდვილი  შამანი იყო და არის მოწოდბით ბიოლოგი . ყველა გამორჩეული ბიოლოგი შამანია. შამანიზმის სწორი ამბავი - ბუნებაში სიცოცხლის შეგრძნებაა. ბიოლოგია - მეცნიერება სიცოცხლეზე. 

ასე იყო ეს ამბავი 


🌸ამ ბლოგში გამოქვეყნებული სურათები და აზრები არის ინტელექტუალური საკუთრება. მათი მითვისება არ იქნება სწორი . გრძნობებს და განცდებს შეგიძლიათ დაეუფლოთ დაუკითხავად და გაუზიაროთ მეგობრებს🌸

Comments