მე არ მიყვარს ვარდები. არასდროს არ მიყვარდა. მე ვაღიარებ მათ სილამაზეს , მაგრამ არ მომწონს ის ,თუ რამდენ ყურადღებას მოითხოვს ვარდი საკუთარი თავის მიმართ. კი ,ჩემი დამოკიდებულება ვარდისადმი არის ჩემი საბავშვო ტრავმა. მე ვიზრდებოდი ოჯახში ,სადაც წიგნის წაკითხვა იყო ასეთივე აუცილებელი ჩვევა ,როგორც კბილების გახეხვა ან "გამარჯობა"-ს და "მადლობა"-ს თქმა. ამიტომ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული დროზე ადრე. კი , წიგნები უნდა იკითხო ასაკის მიხედვით . მოკიდო ხელი წიგნს ,რომელიც არ არის განკუთვნილი შენი ასაკისთვის, იგივეა ,რაც ჩაიცვა ლამაზი ქუსლიანი ფეხსაცმელი მანამ ,სანამ შენმა სხეულმა ისწავლა საკუთარი წონის გადანაწილება თეძოებზე. მოგვიანებით, როცა შენს სხეულს აქვს გაცნობიერებული ქალური საწყისი ის სწავლობს ქალურად საკუთარი სიმძიმის გადანაწილებას და აი აქ უკვე შენც ლამაზ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში არ გამოიყურები და არ გრძნობ თავს როგორც ბორკილ დადებული ხარჯა. გაიხსენეთ თქვენი სკოლის გამოსაშვები საღამო და პირველი ქუსლები ან და , თუ მამაკაცი ბრძანდებით, გაიხსენეთ თქვენი კლასელი გოგონას განწირული სახის გამომეტყელება გამოსაშვები საღამოს ბოლოს,როცა დასიებული ფეხების ტკივილის ტანჯვას სახეზე ვერ ფარავს პირვლად გაკეთებული მაკიაჟი.
კი , ასევეა დროზე ადრე წაკითხული წიგნი. ასე დამემართა მეც ,როცა დროზე ადრე წავიკითხე "პატარა უფლისწული". მე მძულდა უფლისწულის ვარდს, რომელიც მანიპულირებდა პატარა ბიჭის გრძნობებით , უყენებდა პირობებს სიყვარულისთვის და აიძულა სახლის დატოვება. რვა წლის ასაკში მე ვხედავდი ამ გმირს ასე და მხოლოდ ასე. გრნობები დაილექა , მაგრამ ვარდი დარჩა ქვეცნობიერში აუტანელ არსებად. მოგვიანებით , როცა თავად გავხდი დედა და ჩემს შვილებს სკოლაში ურჩიეს არდადაგებზე "პატარა უფლისწულის" წაკითხვა მხოლოდ იმიტომ , რომ ეს ნაწარმოები გადის ზღაპრის ჟანრში , მე გავაკეთე ყველაფერი ,რომ ჩემს წკრიალა და სუფთა ენერგიით სავსე ბავშვებს არ გაეცნოთ დროზე ადრე იძულებით გაზრდილი ადამიანის ტრაგედია. ვიცი, რომ ეს ჩემი დამოკიდებულება ვარდის მიმართ იწვევს ღიმილს, მაგრამ რეალურ ბაღებშიც ის იმონებს პატრონს და მოითხოვს საოცრად ბევრ ემოციას მფლობელისგან.
სხვა საკითხია მისი პრეისტორიული ნათესავი - ასკილი.

ასკილსაც აქვს ეკლები , მაგრამ ის არ მოითხოვს შენს ყრადღებას. "მოდი , დამიცავი ყველა ხოჭოსგან და ბუგრისგან ,ნიავი არ მომაკარო. იზრუნე ჩემზე , სხვა შემთხვევაში მოვკვდები და ჩემთან ერთად დაზიანდება შენი სულის პატარა ნაწილი" -ასე ამბობს ვარდი. ასკილს ეს არ სჭირდება. ის ანათებს ტყისპირა მდელოს მოვარდისფრო სუფთა ყვავილებით და სულ არაფერს არ ითხოვს სანაცვლოდ. ის არ გაბრუებს მშვენიერი სურნელით მანამ , სანამ თავად არ შეეხები . ეკლებით ასკილი იცავს არა მარტო საკუთარ თავს , არამედ ტყესაც უცხო გამვლელისგან . იცავს უამრავი შაშვის ბუდეს საკუთარ ეკლიანი ტოტებშის გულში.
მე მომწონს ასკილთან ურთიერტობა როცა ის ყვავილობს. რომელიმე ივნისის დილას , მე გავდივარ ჭალის ტყეში მისი ყვავილის მოსაკრეფად. საოცარი შეგრძნებაა როცა ეხები მის ალერსიან გლუვ და გრილ ყვავილს , ნაზად წყვიტავ და აუჩქარებლად დებ ნაჭრის ჩანთაში. თავიდან თითქოს არც სურნელი აქვს, მაგრამ გაბედე და ოდნავ გასრისე ეს სინაზე ხელის გულზე და შენ იგრძნობ ვარდის ჭეშმარიტ სურნელს. მდიდარ , ფენოვან სურნალს: ჯერ ტკბილს , შემდეგ ოდნავ მომჟავო ტალღას ,შემდეგ იგრძნობ მდინარედან ქარით მოტანილი მინერალების მტვერის მარილს. ერთ ყვავილს დებ ჩანთაში , სამს ტობებ მწერებისთვის, რომლებიც მალე შემოგიერთდებიან. ასკილი ძალზე სასარგებლო მცენარეა. მას შეუძლია გაგვკურნოს ბავშვობაში მიღებულ ტრავმებისგან.
აი , მაგალითად , როცა ჩვენ ვცდილობთ არ გავიდეთ საზოგადოებისთვის მისაღებ ფორმატიდან ეს არის საბავშვო ტრავმა. როცა ჩვენ ვუყენებთ საკუთარ თავს და სხეულს პირობებს მათი სიყვარულისტვის ეს არის გაზრდილი საბავშვო ტრავმა. " აი დავიკლებ 10 კილოს და შევიყვარებ ჩემს სზეულს" , "დავიწყებ ვარჯიშს და შევიყვარებ ჩემს სხეულს" , შევივსებ ნაკლებად ტოქსიკური ფილერით ნაოჭებს და შევიყვარებ ჩემს სხეულს" , "ვიყიდი იმ კაბას და შევიყვარებ ჩემს სხეულს" , "ვისწავლი კარგად უცხო ენას (მეტყველებას ,აზროვნებას, პროფწსიას ) მოვეწონები სხვას და შევიყვარებ ჩემს სხეულს" ყოველ ჯერზე ,როცა ჩვენ ვუყენებთ ჩვენს თავს პირობებს და და ვუწესებთ სტანდარტებს ჩვენ ვუარყობთ ჩვენს სხეულს. გაიხსენეთ გრძნობა როცა ბავშვობაში რამეს გააკეთებდით არასწორედ და ელოდებოდით დატუქსვას. ან პირიქით - გამოდიოდით ზეიმზე სცენაზე და ელოდებოდით აპლოდისმენტებს. გაიხსენეთ კარგად ის შეგრძნება. დიდი ალბატობით თქვენც თითქოს კუჭავდით საკუთარ სხეულს და ცდილობდით ზომებში დაპატარავებას. კი , ყოველთვის ,როცა ჩვენ ველოდებით გარე შეფასებას , ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ვგრძნობთ ამას კანით და ზედაპირული კუნთებით. ამიტომ არის მძიმე დღის შემდეგ შხაპის მიღება ხსნა. ამიტომ არის სტრესული პერიოდის შემდეგ მასაჟის კურსი ხსნა. ამიტომ შვებულებაზე მივდივართ ზღვასთან, რათა ზღვამ , მის ნაზ ნიავმა , მზემ ეფერონ და ეალერსონ ჩვენს ნაცვლად ჩვენს კანს და სხეულს. ასკილის ყვავილს ასევე შეუძლია შეგეხოთ ნაზად. თქვენ ამას უპირობოდ იმსახურებთ. თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი წონის მოშორება იმისათვის რომ კანით შეიგრძნოთ სინაზე. მით უფრო პანდემიის შემდეგ , როცა ორი წლის განმავლობასი ყოველივე ჩვენთაგანი იყო კოლექტიური იპოქონდრიის მსხვერპლი , ჩვენი სტრესები და შიშები დაილექნენ ჩვენს კანზე და ზედაპირულ კუნთებში. დიახ, ყოველ ჯერზე , როცა ქუჩაში ვინმე გიახლოვდებოდათ პირბადეს გარეშე ,როცა იგრძნობდით ორპირს , დასველდებოდით წვიმის ქვეშ თქვენ ქვეცნობიერად კუჭავდით საკუთარ სხეულს. მსგავსი დამოკიდებულება საკუთარ სხეულთან მიმართებაში ტოვებს მდგომარეობას, რომელსაც ვეძახით "კუნთოვან ჯავშანს" . ასკილს შეუძლია ამ ჯავშანის მოცილება ჩვენი სხეულიდან. ამიტომ გთავაზობთ
ასკილის ტანის პუდრის რეცეპტს.

თქვენ დაგჭირდებათ :
თეთრი თიხის ფხვნილი , კაოლინი - 100 გრ
ასკილის ყვავილის ფურცელი - 300 გრ
ბრინჯის სახამებელი - 50 გრ
ვარდის ზეთი -10 წვეთი
პატარა ქილა სუნელებისთვის
4-5 მარცვალი ბრინჯი
თქვენ მართლა ფიქრობთ , რომ ხარისხიანი ვარდის ზეთი მზადდება ვარდისგან?! გასრისეთ ასკილის ფურცელი! უსუნეთ და თავად უპასუხეთ ამ კითხვას. ვარდის ექსტრაქტები , დანამატები , საცხები , ზეთები , ჰიდროლატები - ყოველივე ველური ვარდის საჩუქარია. ამ საიდუმლოს სურნელების ჯადოქრები საგულდაგულოდ ინახავენ.სიმართლე გითხრათ არც მე გაგიხსნით ბოლომდე , მაგრამ მერწმინეთ - ჩაის ვარდი არ ნიშნავს საკვებ ვარდს . ჩაის-ჰიბრიდი ვარდი არის ჰიბრიდული სახეობა , რომელიც დარეგისტრირდა ცალკე ჰიბრიდის ჯგუფად 1976 წელს. Hybrid Tea and Climbing Hybrid Tea (HT & Cl HT) - არაფერი საერთო კულინარიასთან არ აქვს
ასკილის პუდრის მომზადება .
1. გაშალეთ ქაღალდის ხელსახოცზე ასკილის ფურცელი და სწრაფად გააშრეთ ორი დრის განმავლობაში. კარგი იქნება თუ წინასწარ ოდნავ გასრისავთ ყვავილის ფურცელს.
2. ხმელი ასკილის ფურცელი დაფქვით.
3. ცალკე ჭურჩელში კაოლინში აურიეთ ვარდის ზეთი
4. აიღეთ პატარა სუფთა ტაფა , დადგით პატარა ცეცხლზე და როცა გაცხელდება დაყარეთ ტაფაზე დაფქული ასკილი , შემდეგ ბრინჯის სახამებელი და ბოლოში კაოლინი ზეტით. კარგად ურიეთ. ეცადეთ ჩაეტიოთ 4-5 წუთში .
5. ახლა კი ჩაყარეთ თქვენი უნაზესი პუდრი პატარა სუნელის ქილაში ნახვრეტებიანი თავსახურით. ჩააგდეთ იქვე რამოდენიმე ბრინჯის მარცვალი , რათა შემდგომ მათი მეშვეობით გააფხვიეროთ პუდრი და წაიღეთ საძინებელში .
ძილის წინ მოაყარეთ ცოტაოდენი პუდრი ზეწარს. თქვენ გაგაოცებთ იმ ნაზი შეხებისგან რომელსაც გაჩუქებთ ასკილი ღამით. ცხელი ზაფხულის ღამით ის დაგიცავთ ზედმეტი ოფლიანობისგან , ზამთარში ალერსიანად გაგათბობთ , და რა თქმა უნდა , თქვენ შეგიძლიათ დაიმუშავოთ ასკილის პუდრით სხეული ყოველ ჯერზე , როცა დაგჭირდებათ სხეულის პუდრი , მათ შორის ბავშვებისთვის ან მწოლიარე ადამიანებისთვის.
რა თქმა უნდა , ბევრის დაწერა შეიძლებოდა ასკილის ანტიოქსიდანტურ თვისებებზე , მასში შემავალ ვიტამინებზე , მაგრამ ეს იქნებოდა კიდევ ერთი ჩარჩო და სხვა ჩვენი ტრავმების გამოძახილი.
მოეფერეთ თქვენს სხეულს დამსახურების გარეშე ! თქვენ იმსახურებთ ნაზ შეხებას.
🌸ამ ბლოგში გამოქვეყნებული სურათები და აზრები არის ინტელექტუალური საკუთრება. მათი მითვისება არ იქნება სწორი . გრძნობებს და განცდებს შეგიძლიათ დაეუფლოთ დაუკითხავად.🌸
ჯადოსნური, საოცარი აბი - როგორ ზუსტად გადმოსცემ&ხვდები ყველაზე ღრმა კუნჭულში გადანახულ ემოციებს, გმადლობ!
ReplyDeleteმადლობა საცარი ტექსტისთვის! მადლობა რეცეპტისთვის!
ReplyDeleteარაჩვეულებრივია💖
ReplyDeleteთქვენ, არაჩვეულებრივი ქალბატონი ბრძანდებით
ReplyDeleteსაოცრებებს გვასწავლით,მადლბა რომ გვიზიარებთ თქვენს ცოდნას❤️
ReplyDelete